ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მსვლელობით აღმაშენებლის ხეივნიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა.აქცია „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით იმართება.
„ ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადაღების ვალდებულება საბოლოოდ გაუქმდეს, ამასთანავე მარჯვენა საჭიან მიეცეს საშუალება გააგრძელოს საქმიანობა და მგზავრის აყვანა შეეძლოთ ყველა მძღოლს ქუჩიდან. გუშინ გვიან საღამოს იყო შეხვედრა ტაქსის მძღოლთა ნაწილთან და მასთანაც კი ვერ მოხერხდა შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელი ბრიფინგის სახით კი არ გააჟღერებდნენ აი ამ ასე ვთქვათ ინიციატივას, არამედ ადგილზევე დასრულებისთანავე გაკეთდებოდა განცხადება და მერიას ვერავინ დაასწრებდა ამ ინფორმაციის გავრცელებას. კვლავ და კვლავ კალაძეს მოვუწოდებთ, მძღოლებთან, მათ წარმომადგენლობით ჯგუფთან და არა ცალკეულ ელემენტებთან, მოახერხოს შეთანხმება,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ტაქსის მძღოლები დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, მანქანების თეთრად გადაღებვის ნაცვლად, მძღოლებს შეუძლიათ, ავტომობილს ფირი გადააკრან. აქციის მონაწილეებისთვის მერიის ეს წინადადება მათთვის მისაღები არ არის. მათი თქმით, ფირის გადაკვრა ასევე დააზიანებს ავტომობილს.