ტაქსის მძღოლები თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ.ამის შესახებ განცხადება ტაქსის მძღოლებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს და პოლიტიკურ პარტიებს პროცესში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, მერიასთან შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე უკვე მიღწეულია და მოლაპარაკებები გრძელდება.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ თამაშებში და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. აქედან გამომდინარე, ვართ მერიასთან მოლაპარაკებებში. რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და რაღაც საკითხებში ვართ მუშა პროცესში,”-განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები მერიის მიერ მიღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. კერძოდ, ისინი ითხოვენ 2 წლით გადავადდეს ტაქსის თეთრად გადაღებვის გადაწყვეტილება.
ტაქსის მძღოლებმა მერიასთან მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე აქციები გამართეს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან.
აქციის ორგანიზატორი ლეიბორისტული პარტია იყო. ტაქსის მძღოლები მოითხოვენ გადავადდეს რეგულაცია, რომელიც მათ მანქანის თეთრად გადაღებვას ავალდებულებს.