ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. ისინი მასშტაბურ აქციას 18 აპრილს გამართავენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, ორი წლით გადაიდოს ის რეგულაციები, რომელიც ტაქსის გარკვეული კატეგორიის მძღოლებს მანქანის თეთრ ფერში გადაღებვას ავალდებულებს.
აქციის მონაწილეები რეგიონში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს მოუწოდებენ, თბილისში, 18 აპრილს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. დღეს, სადგურის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები შეხვდნენ.
„თუ თბილისში გაუვიდათ ეს მავნე რეგულაციები, შემდგომ რეგიონებში გაავრცელებენ ამ ყოველივეს, რაც გამოიწვევს ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის უმუშევრად დატოვებას, უსახსროდ, უფულოდ, უსასოოდ და ესენი იქნებიან განწირულები. ამიტომ, მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი, გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე და სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნები, მანამდე გაგრძელდება მჯდომარე პერმანენტული აქციები. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს მთელი თბილისის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ ათი ათასობით ადამიანი შემოუერთდება ამ კანონიერ მოთხოვნებს,“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ