ამ წუთებში ტაქსის მძღოლების ავტოკოლონა ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან მივიდა. ადგილზე მანქანების სიმრავლის გამო საცობია.პოლიცია მძღოლებს მანქანის გაჩერების საშუალებას არ აძლევს.
ტაქსის მძღოლები მერიის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ და მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობენ, რის გამოც რეგულაციები დამატებით პრობლემებს უქმნით. ისინი აქციების გაგრძელებას მანმდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ასევე 2 მძღოლის დაკავებას აპროტესტებენ. მათი თქმით, შემთხვევა დილას მოხდა. აღნიშნულ ფაქტს მერიის მხრიდან დაშინების მცდელობად აფასებენ.
აქციის მონაწილეები თბილისის მერიის დაწესებულ იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ლიცენზირებული ტაქსებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს ავტომანქანების თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა. მათი თქმით, ფირის გადაკვრა ასევე დააზიანებს ავტომობილს. აქციის მონაწილეები რეგულეციების გადავადებას მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორი ლეიბორისტული პარტიაა. „გადადონ ეს რეგულაციები, რომლებიც ამ ადამიანებს აკარგვინებს სამუშაო ადგილებს, ტოვებს მათ უმუშევრად, უსახსროდ, უპუროდ,“ – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გიორგი გუგავა.
ლეიბორისტები ხელისუფლებას ვადას ორი დღე აძლევენ. თუ რეგულაციები არ გადავადდება, შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციების დაწყებით იმუქრება.