ტაქსის მძღოლებს მანქანების გადაღებვა აღარ მოუწევთ- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“თეთრი ფერით გადაღების ნაცვლად, ტაქსის მძღოლები ავტომანქანას გადააკრავენ თეთრ ფირს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით, იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა”, – განაცხადა ელოშვილმა.
მერის მოადგილემ ყურადღება ტაქსის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
“ამას იმსახურებს ჩვენი თითოეული მოქალაქე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის ორმხრივი რეფორმა და ტაქსის მძღოლები, 27000 მძღოლი ვინც გაიარა ლიცენზირება, მათ მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის”,- განაცხადა ელოშვილმა.
ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსების გარკვეული კატეგორია თეთრი ფერის უნდა იყოს.