ტაქსის მომსახურების გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი

A კატეგორიის ტაქსებს QR-კოდი გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც, მგზავრები მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მდედაქალასი მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მგზავრები სმარტფონის საშუალებით შეძლებენ, მომსახურების საფასურის გადახდას, რაც იმ პრობლემასაც მოხსნის, რომელიც ტაქსის მძღოლს ხურდის თვალსაზრისით ექმნებოდა.

ტაქსის მძღოლებმა QR-კოდის მისაღებად, საქართველოს ბანკის ფილიალებს უნდა მიმართონ.

„ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა და კომუნიკაცია გვქონდა, რომლის დროსაც სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა – ეს იყო ბანკებთან ურთიერთობა, რადგანაც ისინი სესხის აღებას ვერ ახერხებენ, რადგან შემოსავალი არ უფიქსირდებათ. ბანკებთან კომუნიკაციის შედეგად, შეიქმნა სპეციალური პროდუქტი, რომლის შესახებაც საქართველოს ბანკმა მოქალაქეებს უკვე აცნობა. კონკრეტული საბანკო პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას QR-კოდის საშუალებით. QR-კოდი ბანკის მიერ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს გადაეცემა, რომელიც ავტომანქანის ინტერიერში განთავსდება, მგზავრი კი სმარტფონის მეშვეობით, QR-კოდით, მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებს.

ამ  გზით გადახდილი მომსახურების თითოეული საფასური ტაქსის მძღოლის დადასტურებული შემოსავალი იქნება, რომლითაც ნებართვის მფლობელ მძღოლს შეეძლება, საბანკო ისტორია შექმნას, კრედიტუნარიანი გახდეს და ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოს. მინდა, ბანკებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს ტაქსის მძღოლებისთვის სერიოზული პრობლემა იყო და ვფიქრობ, მსგავსი პროდუქტების შექმნა, რეფორმის სწრაფად განხორციელებას შეუწყობს ხელს“, –განაცხადა კალაძემ.