რუსეთის ქალაქ სოლ-ილეცკის სასამართლოდან დღეს გათავისუფლებული კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გამოსვლისთანავე დააკავეს. ამის შესახებ მედიას სოლ-ილეცკის სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ლინიზეც შევჩიკმა განუცხადა.
ტარიელ ონიანს ამჯერად 40 დღე მოუწევს ციხეში ყოფნა.
“ის პირდაპირ კოლონიის კართან აიყვანეს. რაიონული პროკურორის შუამდგომლობით, სასამართლომ მას 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხეში 19 მაისამდე დარჩება” – განაცხადა შევჩიკმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ ონიანი, გათავისუფლების შემდეგ, რუსეთიდან უნდა დაედეპორტებინათ. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით ის არის პიროვნება მოქალაქეობის გარეშე. იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში მისი ყოფნა არასასურველად ცნო. დეპორტაციის ერთ–ერთი სავარაუდო მიმართულება ესპანეთია. იქ ტარიელ ონიანს უკვე ელოდებიან რათა ბრალი წაუყენონ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და თანხების უკანონო ლეგალიზაციაში. მეორე ვარიანტი რუსული მედიის მიხედვით ცალმხრივი ბილეთია საქართველოსკენ. თუმცა რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოში 2005 წლიდან კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერთა წინააღმდეგ კანონი მოქმედებს და შესაძლოა კრიმიანლური ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დააპატიმრონ, თუ სასამართლოში დანაშაულებრივ იერარქიაში მის მაღალ სტატუსს დამტკიცდება.