ტარიელ ონიანი რუსული ციხიდან გათავისუფლდა. შესაძლოა საქართველოში მისი დეპორტაცია მოხდეს

რუსული მედიის ცნობით კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ტარიელ მულუხოვმა (ონიანმა) მეტსახელად ტარო საგანგებო რეჟიმის კოლონია დატოვა, სადაც ბიზნესმენის მოტაცების ბრალდებით 10 წელი გაატარა. ტარო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან კანონიერ ქურდად ითვლება.

გამოძიების ვერსიით ტარიელ ონიანმა და მისმა თანამზრახველებმა ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ჯონი მინაძე დაიჭირეს, მოსკოვში სმოლენსკის მოედანზე ერთ–ერთ რესტორანში მიიყვანეს და ბეისბოლის ჯოხით სასტიკად სცემეს. ეს 2009 წლის მარტში მოხდა.
გამოძიების ვერსიით ტარიელ ონიანი მსხვერპლის ნათესავებს 500 000 დოლარს სთხოვდა. გამოსასყიდის მოლოდინში კი მინაძე ბინაში ჰყავდათ გამოკეტილი. თანხის ნახევრის გადახდის შემდეგ გატაცებული გაათავისუფლეს. მან პოლიციას მიმართა, ონიანი და მისი თანამზრახველები კი დაიჭირეს.

2010 წელს ტარიელ ონიანს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელის ვადის 2 თვით შემცირებას მიაღწია. თავიდან სასჯელს ელეცკის კოლონიაში იხდიდა, შემდეგ კი “შავი დელფინის“ კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც რუსეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეა და სადაც სასჯელს ძირითადად სამუდამო პატიმრობა მისჯილები იხდიან. კოლონიაში ონიანი რეჟიმს მუდმივად არღვევდა. მის ანგარიშზეა 253 დარღვევა–დანაშაული, რის გამოც არაერთხელ გადაიყვანეს ე.წ. შიზოში და კარცერში.

ქართველი “ნათლიმამა“

ტარიელ ონიანი 1952 წელს ტყიბულში დაიბადა. მამამისი შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაიღუპა, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. პირველი პატიმრობა 17 წლის ასაკში მიუსაჯეს შეიარაღებული ძარცვისთვის, შემდეგ იყო ნასამართლეობები ქურდობის, დარბევისა და გამოძალვისთვის. ამასობაში კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტი მოიპოვა და გავლენიანი ქუთაისური დაჯგუფების ლიდერი გახდა.

1980–იანი წლებიდან ტარიელ ონიანი მოსკოვში დაფძნდა. ექსპერტების განცხადებით ის მკაცრად აკონტროლებდა დაჯგუფების წევრებს და სრულ მორჩილებას ითხოვდა. 1990–იანებში საფრანგეთში გადავიდა, შემდეგ ესპანეთში და ქუთაისურ დაჯგუფებას დისტანციურად აკონტროლებდა. ევროპაში ადგილობრივი ძალოვანების აზრით დანაშაულებრივი ფულის გათეთრების ბიზნესის ორგანიზება მოახერხა.

2005 წლის ივნისში ესპანურმა სპეცსამსახურებმა მაშტაბური ოპერაცია ჩაატარეს და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭირეს ე.წ. რუსული მაფიიდან. ზოგიერთი მოგვიანებით გაუშვეს, დანარჩენებს კი ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნაში. მაშინ მედია აცხადებდა, რომ სპეცოპერაციის მთავარი მიზანი სწრედ ტარიელ ონიანი იყო. თუმცა მან მოახერხა ესპანურ სასამართლოს დასხლტომოდა და რუსეთში დაბრუნდა.

კრიმინალური ომები

2006 წელს ონიანი ერთდროულად ორ დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს დაუპირისპირდა: ვიაჩესლავ ივანკოვს, მეტსახელად იაპონჩიკს და ასლან უსოიანს, მეტსახელად ძედ ჰასანს. შედეგად ორივე მოკლეს: იაპონჩიკი 2009 წელს, ძედ ჰასანი კი 2013 წელს. ონიანი დანაშაულის ერთ–ერთ შესაძლო შემკვეთად ითვლებოდა, თუმცა ოფიციალური ბრალდებები მისთვის არ წაუყენებიათ. თავად ტარო კატეგორიულად უარყოფდა ამ მკვლელობებთან მის კავშირს.

2008 წლის ივლისში ძალოვანებმა ერთ–ერთი ყველაზე მაშტაბური ქურდული შეკრება ჩაშალეს. კანონიერი ქურდები ერთ–ერთ ხომალდზე იკრიბებოდნენ, როცა ბორტზე სპეცრაზმი და პოლიცია მივიდა. სულ ადგილზე 37 კანონიერი ქურდი იყო. მათ შორის ტარიელ ონიანი.
რუსეთის შსს–ს ოფიციალური ვერსიით შეკრების მიზანი დაძაბული საქმის გარჩევა და კონფლიქტის მოგვარება იყო ძედ ჰასანსა და შაქრო მალადოის შორის. შაქროს დაკავების შემდეგ მისი აქტივების მართვა ძედ ჰასანის სანდო პირმა, ლაშა შუშანაშვილმა დაიწყო, რაც ტარიელ ონიანს არ მოეწონა და კლანებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო. კონფლიქტი 2009 წელს ტარიელ ონიანის დაკავების შემდეგ დასრულდა.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ტარიელ ონიანს დეპორტაცია ემუქრება. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით ის არის პიროვნება მოქალაქეობის გარეშე. იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში მისი ყოფნა არასასურველად ცნო. დეპორტაციის ერთ–ერთი სავარაუდო მიმართულება ესპანეთია. იქ ტარიელ ონიანს უკვე ელოდებიან რათა ბრალი წაუყენონ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და თანხების უკანონო ლეგალიზაციაში. მეორე ვარიანტი რუსული მედიის მიხედვით ცალმხრივი ბილეთია საქართველოსკენ. თუმცა რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოში 2005 წლიდან კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერთა წინააღმდეგ კანონი მოქმედებს და შესაძლოა კრიმიანლური ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დააპატიმრონ, თუ სასამართლოში დანაშაულებრივ იერარქიაში მის მაღალ სტატუსს დამტკიცდება.