ტარიელ ონიანი შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს-კანონიერ ქურდი რუსეთის ციხეს ტოვებს

“კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი რუსეთის საპატიმროს მომავალ კვირას, 9 აპრილს დატოვებს. პოსტსაბჭოთა სივრცისა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის ექსტრადირება შესაძლოა, რუსეთმა საქართველოში განახორციელოს- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ტარიელ მულუხოვის რუსეთის ტერიტორიიდან სამუდამო გაძევების თაობაზე.

კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ფიგურა რუსეთში გამოძალვისა და ადამიანის გატაცების გამო 10-წლიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის. დაგეგმილი დეპორტაციის განკარგულება პატიმარს რამდენიმე თვის წინ უკვე გააცნეს.

2010 წელს რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დაადგინა, რომ ტარიელ ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა არაკანონიერი გზით მიიღო, თუმცა ამასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით  არ არსებობს. მოსალოდნელი იყო, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტარიელ ონიანს რუსი სამართალდამცავები ესპანეთს გადასცემდნენ, სადაც მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და თანხების არალეგალური გზით მითვისებას სდებენ ბრალად. თუმცა რუსულ მედიაში, დეპორტაციის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მარშუტად საქართველო განიხილება.მედიის ინფორმაციით, ახლა ტარიელ ონიანის ადვოკატები და ახლო გარემოცვა მუშაობს იმაზე, რომ “კანონიერმა ქურდმა“ მისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში მოახერხოს გადასვლა. ასეთად კი თურქეთი განიხილება, სადაც ბოლო წლებში “კანონიერი ქურდების” ყველაზე დიდი ნაწილია თავმოყრილი.

მედია არ გამორიცხავს, რომ ტარიელ ონიანის გათავისუფლების შემდეგ კვლავ გააქტიურდება ქურდულ სამყაროში ნომერ პირველი “კანონიერი ქურდის“ არჩევის საკითხი, რამაც შესაძლოა, სისხლიანი დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვიოს.

გავლენიანი ავტორიტეტი ტარიელ, ონიანი, იგივე “ტარო” 80-იან წლებში მოსკოვის  ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად მიიჩნეოდა. მის სახელთან არის დაკავშირებული  ევროპაში გახმაურებული სპეცოპერაციები.

2005 წელს ესპანელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა განახორციელეს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია ევროპაში. 400-ზე მეტმა პოლიციელმა ჯავშანტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ჩაატარა დაახლოებით 50-მდე ჩხრეკვა ბარსელონაში, ალიკანტეში, მარბელიაში, ფუენხიროლაში, ბენალმადენასა და ტორემოლინოსში, სადაც განთავსებული იყო ონიანის ობიექტები. ონიანმა მიმალავა მოახერხა.

2010 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში ტვერსკის ქუჩაზე განხორციელდა თავდასხმა კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანზე. გავრცელებული ინცფორმაციით უსოიანზე თავდასხმა ონიანმა დაგეგმა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ონიანი მონაწილეობდა „იაპონჩიკის“ მეტსახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობაში.

2011 წლის მარტში ესპანეთის მთავრობის თხოვნით, ონიანი ექსტრადირებული იქნა რუსეთიდან ესპანეთში.