ჭავჭავაძის 5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ წუთებში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
კანცელარიიდან მომავალმა აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გადაკეტვა მოისურვეს, რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.დაკავებულია 5 ადამიანი ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე აქცია, ორი მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომლებიც ჭავჭავაძის 5–ში გუშინ მშენებლობაზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყვნენ.
სოლიდარობის მოძრაობამ აქცია საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, შემდეგ კი მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები რამდენიმე საათია ადგილზე იმყოფებიან და ისინი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის და დედაქალაქის მერის მისვლას ითხოვენ.