ჭავჭავაძის 32–ში, ილიას უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე სამუშაოების დროს გარდაცვლილი მუშის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
უბედური შემთხვევა დღეს დაახლოებით თორმეტი საათისთვის მოხდა. მუშა, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციაზე თხრილში მუშაობდა ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ მოიყოლა. მისი ცხედრის ამოსაყვანად მაშველები რამდენიმე საათი მუშაობდნენ.
სამუშაოებს ილიას უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ემ სი გრუპი აწარმოებდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ტენდერი აგვისტოში გამოცხადდა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისამდე უნდა დასრულდეს.
თბილისის მერიის და ვაკის გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამუშაოები კერძო კონტრაქტით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და არავითარი კავშირი არ აქვს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან, შესაბამისად, მომხდარში მერიის პასუხისმგებლობა გამორიცხულია.
ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ–კრიმინალისტები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.