ჭიათურის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავა

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.