განათლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ჭიათურაში საჯარო სკოლები გაიფიცნენ და მაღაროელების აქციებს შეუერთდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერდა.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსწავლეებს, რომლებიც აქციების გამო საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებიან, დაეწერებათ გაცდენები.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჭიათურის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ამჟამად სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.სკოლის ადმინისტრაცია, დირექცია და მასწავლებლები ადგილზე არიან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილებს, აუცილებლად დაეწერებათ გაცდენები და ეს გაცდენები აისახება მათ სამომავლო შეფასებებზე“, – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭიათურაში სკოლებისა და ბაღების ნაწილი გაიფიცა და ამ ფორმით მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.