ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ვნანობ ჩემ საქციელს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილთან მიმართებაში თავის საქციელს ნანობს და ამბობს, რომ პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილება როგორც მისი პრეზიდენტობიდან შესაძლო გადადგომის, ასევე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი.

“ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას. რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას”, განაცხადა გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა “ფეისბუქში” განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. გეგეშიძე კი პოსტის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ არავისთვის ჩაურტყამს არც ჯაჭვი და არც ხელკეტი. შსს-მ მომხდარზე საქმე ძალადობის მუხლით დაიწყო, გეგეშიძეს სასამართლო წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით 5ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა.