სპორტსმენი ზურაბ დათუნაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.
ევროპის ჩემპიონი დათუნაშვილი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სასტიკად გაუსწორდა; კონფლიქტი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ სხდომაზე გეგა გეგეშიძის მცდელობა გააპროტესტა – დათუნაშვილი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგეშიძე სპორტსმენის საკუთარი მოსწავლით ჩანაცვლებას ცდილობდა.
“ერთ -ერთი მოჭიდავის უკან ჩაჩოჩება უნდოდა და თავისი მოსწავლის დაყენება. ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენდა არც ერთის წასვლა არც მეორესი. გუნდის კაპიტანი ვარ და შემეკითხნენ როგორ უნდა მომხდარიყო. რაც სიმართლე იყო მე ის დავაფიქსირე მაგის შემდეგ დაიწყო ეს. ჩხუბამდე არ მისულა. მე დავტოვე მაგის შემდეგ შეკრება. მას შემდეგ მე წამოვედი ნაკრებიდან . შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მთხოვეს რომ დავბრუნებულიყავი. მე გავითვალისწინე ეს თხოვნა დავბრუნდი მაგრამ ახლა საქართველოს ჩემპიონატზე რაც მოხდა ეს ყველამ ნახეთ და მგონია რომ უნდა დასრულდეს”,განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.
რაც შეეხება თავად გეგა გეგეშიძეს, ის ჩვენებას პოლიციას უახლოეს პერიოდში მისცემს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა “ფეისბუქში” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. მანამდე ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.
გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და წინასწარი ინფორმაციით, გეგა გეგეშიძე დაკითხვაზე დღეს უნდა მივიდეს. ზურაბ დათუნაშვილმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.














