2 კვირის წინ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე ჰასკის ფოტო გამოჩნდა, რომელსაც ყბის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.
როგორც გაირკვა, ჭოპორტის მაცხოვრბელმა კაცმა თავის თანამზრახველთან ერთად ჰასკის ჯიშის ძაღლი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.
ჭოპორტში ნაწამებ ძაღლს თავშესაფარში უმკურნალეს. ამასობაში კი ჰასკს ახალი პატრონი გამოუჩნდა. ახალი პატრონი მამა სებასტიანეა.
ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ცნობით, მამა სებასტიანე ძაღლების თავშესაფარში მივიდა, ჰასკის წვნიანი საჭმელი ჩაუტანა და მისი წაყვანის სურვილი გამოთქვა.
მას თავშესაფრიდან ნაწამებ ძაღლთან ერთად ერთ-ერთი ლეკვიც გაატანეს. მამა სებასტიანე რამდენიმე ტრამვირებულ ცხოველს მფარველობს.
“ჭოპორტში ნაწამები ჰასკის ამბავი მამა სებასტიანეს ყურამდეც მივიდა . დღეს ჩამობრძანდა თავშესაფარში , მოინახულა ძაღლი და ბოთლით ბულიონი ჩამოუტანა. მოგეხსენებათ, რომ ყბა აქვს მოტეხილი და დამოუკიდებლად საკვებს ვერ ჭამს. ხაშურში , სოფელი წრომის დედაღვთის მონასტერში მსახურობს მამა სებასტიანე. რამდენიმე ტრავმირებული ძაღლი მყავს მიკედლებული და ნამკურნალები, თუ გამატანთ ამასაც მივხედავო. გავატანეთ.
ლეკვების ვოლიერიდან ერთი ლეკვი განსაკუთრებით აქტიურობდა, თითქოს
მამაოს ყურადღების მიქცევას ცდილობდა. შეუმჩნეველი არ დარჩა ლეკვის აქტიურობა , აიყვანა ხელში და გულში ჩაიხუტა. საოცარი სითბო და სიმშვიდე იგრძნობოდა თავშესაფარში მამა სებასტიანესაგან.
წასვლისას დალოცა თავშესაფარი , წაიყვანა ლეკვი და ძაღლი”-აცხადებენ თავშესაფარში.