TDI: სასულიერო პირების ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

“საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე. ხელისუფლება კი თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე. დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის. გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას”,– აცხადებს TDI.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი, ასევე, 4 მაისს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა.

“მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება”,– აღნიშნულია მათ განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 მაისს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.