“ტელეფონი გამიტეხეს” — სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ომარ მახარაძე, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს,  რომ ტელეფონი გაუტეხეს. ამის შესახებ მან TV 25-თან განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ დაგეგმილი სიცრუე და სიბინძურეა. 

ლექტორი ამავე  დროს ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატიცაა. 

“ჩემი ტელეფონის აიქლაუდი გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით, მივლინებით ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნებზე, ეს მთელმა რაიონმა იცის. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება”, — აცხადებს ომარ მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში  დაადანაშაულა და ის მესიჯები გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ ლექტორი სტუდენტს  სექსუალური ხასიათის მესიჯებს წერს.