ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიებისთვის ინკასოს დადება მისი პირადი, ერთგვარი პრევენციული გადაწყვეტილება იყო, რადგან ტვ პირველის ვალი 1 ოქტომბრის შემდეგ გაორმაგდა.
,,1 ოქტომბრის შემდგომ იწყება ვალის დაგროვება თავიდან, მათ შორის “ტვ პირველის” მიერ. ერთხელ სექტემბერში მოგვმართა კომპანიამ წერილით, ითხოვა ვალის გადავადება 10 დღით, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და გადავავადეთ. ბოლო წერილი შემოვიდა ნოემბერში და კომპანია ისევ ითხოვს დავალიანების 10 დღით გადავადებას. 1 ოქტომბრიდან გუშინდელ დღემდე ანუ ინკასომდე “ტვ პირველმა” გააორმაგა ვალი ანუ კომპანია ერთი-ერთში გადის იმ გზას, რაც “რუსთავი 2”-მა 2016 წელს დაიწყო – “წერილი, დარღვევა, დაგროვება და ა.შ.”, – ამბობს მაჭავარიანი.
მისი განცხადებით, ძველი და ახალი დავალიანების გარჩევის მიზნით, დავალიანების ახალი ათვლა ფინანსთა სამინიტრომ 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
,,იმის გამო, რომ ძველი და ახალი ვალები გაგვერჩია ერთმანეთისგან, ვთქვით, რომ ახალი ათვლა დავიწყოთ 1 ოქტომბრიდან. ყველა დანარჩენ ვალს დავარქვათ ძველი, გავყინოთ, მობრძანდით ვისაუბროთ. ამის შემდეგ ორმაგდება “ტვ პირველმა”-ის ვალი 2 თვეში, ამ გაორმაგებულ ვალს ახლავს ორი წერილი გადავადების თხოვნით, რომელიც ირღვევა. ამ ყველაფრის შემდეგ არანაირი წინაპირობა და მოცემულობა არ არსებობდა, რომ ეს ვალი არ გასამმაგდებოდა… ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება”, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.
როგორც მაჭავარიანი ,,ფორბს ჯორჯია-“ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნავს, ინკასოს დადება პრევენციული გადაწყვეტილება იყო, რათა ტელევიზიებს კიდევ არ დაეგროვებინათ ვალი და გადასახადის არგადახდის ისტორია დამთავრებულიყო.
“ეს ყველაფერი პრევენციულად ვქენით. დღეს “ტვ პირველისთვის” არ არის ეს მძიმე თანხა; ამბობენ, რომ პრინციპის საკითხია, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა ახლა და გაგვეკეთებინა ორ თვეში, თანხა იქნებოდა ძალიან მძიმე, თან შუა არჩევნების დროს და მაშინ უკვე ტელევიზია იტყოდა – “თქვენ ჩვენ ამით გვხურავთ”. ამის პრევენციაც იყო. ერთმნიშვნელოვნად, მთელი პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ ამ ყველაფერში იოტისოდენა პოლიტიკაც არ არის”, – განმარტავს ვანო მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის”, “რუსთავი 2-ისა” და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო 25 დეკემბერს დაედო. ტელეკომპანია “კავკასიას” და “ტვ პირველის” პოზიციაა, რომ ისინი დავალიანებას არ გადაიხდიან მანამ, სანამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები არ დაიწყებენ დაგროვილი დავალიანების, 55 მილიონის, გადახდას.