ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ტელევიზიაში მუშაობა არ არის ინდულგენცია, რომელიც გამოძიებისგან მას დაიცავს.
“ჩვენს ქვეყანაში შექმნილია ერთგვარი ტრენდი, რომ აუცილებლად პოლიტიკასთან უნდა დააკავშირონ ცალკეულ მოქალაქეებთან, ყოფილ პოლიტიკოსებთან, მაღალჩინოსნებთან, ტელევიზიის ხელმძღვანელებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივად რიგით მოქალაქეებთან არსებული საკითხები, რომელიც გამოძიებას გააჩნია. არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ”, — განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს. “რუსთავი2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს 3 დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.