ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შემთხვევას 49 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 20- ს აჭარბებს.ინტერნეტში თავდამსხმელის მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ ესვრის ის ხალხს. გამოძიებამ ჯერ არ იცის რამდენი ადამიანი მონაწილებდა თავდასხმებში.ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დახურულია ყველა სკოლა. დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, მათ შორის ერთი ქალია. ეჭვმიტანილების ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
პოლიციის ოპერაციის დროს კონფისკირებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. ექსპერტების თქმით აღმოჩენილი იარაღის რაოდენობის გათვალისწინებით მეჩეთებზე თავდასხმა საგულდაგულად იყო მომზადებული.
„აშკარაა, რომ მომხდარს მხოლოდ ტერორისტული თავდასხმა შეიძლება ვუწოდოთ. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გვაქვს თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო. ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლებიც მიმაგრებული იყო ეჭვმიტანილთა მანქანებზე, ნაპოვნია. ამ ხალხს ექსტრემისტული შეხედულებები ჰქონდათ და მათი ადგილი არც ახალ ზელანდიაში და არც მსოფლიოშია. მუშაობს დაზვერვის სამსახურის ჯგუფი, პოლიცია. საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გავზარდეთ,“-განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა, ჯანსინდა არდენმა. დღევანდელ დღეს მან ახალი ზელანდიის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე შავი დღე უწოდა, მომხდარ ტერაქტს კი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ძალადობის აქტი.
Daily Mail კი ავრცელებს ფოტო მასალას, რომლის მიხედვითაც ტერორისტებს ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ. მჭიდებზე, რომელიც ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი ქართულ ენაზე წერია.
ქართულის გარდა ავტომატებზე კიდევ რამდენიმე ენაზე გაკეთებული წარწერაა. ჯერჯერობით უცნობია, რას ნიშნავს ეს წარწერები, თუმცა სამართალდამცავებს სავარაუდოდ იარაღის წარმომავლობის დადგენას გაუადვილებს.
ახალი ზელანდიის ტერაქტის შემდეგ ნაპოვნ იარაღზე ქართული წარწერების აღმოჩენის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა:
„უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.