პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეიმედის ეთერში აღიარა, რომ იტალიაში მართლაც იყო წასული, თუმცა მხოლოდ ერთი დღით და ისიც ოჯახთან ერთად. სამი დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე თბილისის მერთან და უმრავლესობის რამდენიმე წევრთან ერთად კომოს ტბაზე, ერთ–ერთი ბიზნესმენის დაბადების დღეზე წავიდა. იმ დღეს თალაკვაძე არ გამოჩენილა და კომენტარი არ გაუკეთებია, მეორე დილით კი პარლამენტში საკუთარ კაბინეტში მიმართვა ჩაწერა და მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თუმცა ამ მიმართვის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა თვითმფრინავში გადაღებული არჩილ თალაკვაძის ფოტოები, ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა კი განაცხადა, რომ წინა ღამეს სტამბოლი–თბილისის რეისით თალაკვაძემ მასთან და გიგი წერეთელთან ერთად იმგზავრა. ამის შემდეგ თალაკვაძეს კომენტარი აღარ გაუკეთებია და მხოლოდ დღეს საღამოს ტელეიმედის ეთერში განაცხადა, რომ ვიდეო, სადაც ფაქტობრივად ტყუილი თქვა სინამდვილეში ფეიკ ნიუსის უარსაყოფად ჩაწერა:
“გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ რომ ეთქვათ საზოგადოებისთვის. თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე, იქ ისვენების ბიუჯეტის ხარჯზე და არაფერი არ აინტერესებს . 9 ამბიდან დარჩა მხოლოდ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს უკვე იყო სამსახურში.
ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაი უშველებელი ატეხეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველდღე და არანაირი პოლიტიკური შატალო არ ყოფილა რეალურად. მითუმეტეს ამ კრიტიკას ვერ მივიღებ იმ ადამიანებისგან და ისეთი ოპონენტებისგან, ვინც წარსულში ბიუჯეტის ხარჯზე სამეგობროებით დადიოდნენ საზღვარგარეთ.