თალაკვაძე გახარიას საერთაშორისო კონფერენციაზე არ მისვლის მიზეზებს განმარტავს

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში და შს მინისტრის შეცვლილი დღის წესრიგი – კონფერენციის პროგრამიდან გიორგი გახარიას გამოსვლის ამოღებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.

თალაკვაძე განმარტავს, რომ შს მინისტრს სხვა გეგმები ჰქონდა, რის გამოც, ვერ დაესწრო კონფერენციას.

„მე მგონი, ცოტა უცნაური კითხვა არის, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვთ განმარტებას, თუ მინისტრს, როგორ შეეცვალა თავის სამუშაო განრიგი. თუმცა, მე მაინც არ ავარიდებ თავს კითხვას და გეტყვით, რომ მას ჰქონდა სხვა გეგმები დღის მეორე ნახევარში და შესაბამისად, ვერ დაესწრო კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

საქმე ეხება ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, სადაც დღეს სიტყვით შს მინისტრიც უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილებები შევიდა. გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა.

თავად შს მინისტრი კი საერთაშორისო კონფერენციის ნაცვლად, ტვ “პირველის” ეთერში მივიდა.