გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შპს “ჯეოინჟინერინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ომარ ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას პარლამენტის მოტყუებაში ადანაშაულებს.
ქუცნაშვილი თამარ ალანიას მიერ მის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და უარყოფს მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებას, რომ ომარ ქუცნაშვილმა დანაშაული აღიარა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ პარლამენტი მოატყუა, როდესაც თქვა, ვითომ მე ვაღიარებდი დანაშაულს და იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც საფუძვლად დაედო ჩემი ბრალდების მეორე ნაწილს. მთელმა საქართველომ იცის, რომ მე და ჩემი ოჯახი, 2008-12 წლებში ბოლომდე ვიბრძოდით სიმართლის დამტკიცებისთვის. თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილ განაჩენს ვაღიარებდი, მაშინ მას არც სააპელაციოში და არც უზენაეს სასამართლოებში არ გავასაჩივრებდი. უფრო მეტიც, გამოძიების ეტაპზევე დავთანხმდებოდი საქართველოს გენერალური პროკურატურის შემოთავაზებას და საპროცესო გარიგების დადებით 66 წლის ადამიანი 4 წლით არ ჩავჯდებოდი ციხეში.
საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მედავებოდა ვითომ ყალბი ანგარიშფაქტურების არაერთგზის დამზადების გზით (სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი) დამკვეთის სახსრების მითვისებას (182 მუხ. მე-2 ნაწილი). როდესაც აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ, როგორც დამკვეთმა, ორჯერ წერილობით მიმართა პროკურატურას და სასამართლოს, რითაც ის თავის თავს დაზალარებულად არ მიიჩნევდა და პირიქით, ჩემი კომპანიის – შპს “ჯეოონჟინირინგის” მიერ შესრულებულ სამუშაოებს წარმატებულად და კარგად შესრულებულად აღიარებდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხვა არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ დამკვეთის სახსრების ვითომ მითვისების ბრალდების ნაწილში (182 მუხ. მე-2 ნაწილი) უდანაშაულოდ გამოვეცხადებინე. მაგრამ დამნაშავედ მცნო ვითომ ყალბი ანგარიშფაქტურების არაერთგზის დამზადებისათვის (სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოუვიდა სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური გადაწყვეტილება. თუ არავისი და არაფერი მიმითვისებია, მაშინ ანგარიშფაქტურები რატომ უნდა გამეყალბებინა, ამ ტიპის დანაშაულის ჩადენის ლოგიკური და საბოლოო მიზანი ხომ სხვისი სახსრების მითვისებაა? სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოსჯა იმით ახსნეს, რომ ვითომ ანგარიშფაქტურები და ე.წ. ინვოისები გავაყალბე მასში ჩემი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე არასწორი მონაცემების შეტანით. მაგალითად:
მიწის ესკავაციის სამუშაოების მოცულობა სხვა იყო და სხვა შევიტანეთ, ბეტონის სამუშაოების მოცულობა სხვა იყო სხვა შევიტანეთ და ა.შ. მე მზად ვარ ნებისმიერ მომენტში გამოვაქვეყნო ეს ფაქტურები და ე.წ. ინვოისები და მასში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთი შესრულებული სამუშაოს დასახელებას ან/და მოცულობის თაობაზე რაიმე მონაცემს. სააპელაციო სასამართლოს, მათ შორის მოსამართლე თამარ ალანიას მხოლოდ იმას ვთხოვდით, რომ დაეხედათ 4 ანგარიშფაქტურის და ე.წ. ინვოისის ფურცელზე და ეღიარებინათ ის, რომ იქ ე.წ. სიყალბის ნიშანი შესრულებული სამუშაოების თაობაზე არათუ არასწორი, არამედ არანაირი მონაცემი არ ყოფილა. მოსამართლეებს ევალებოდათ, მაგრამ არ დახედეს და არ აღიარეს სიმართლე. ამიტომ მართალი ადამიანისათვის წლობით თავისუფლების უკანონოდ წართმევა და საზოგადოების მოტყუება, იმედია, საქართველოს პარლამენტის მიერ სწორედ შეფასდება“, – აცხადებს პროფესორი ომარ ქუცნაშვილი.