„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ტაბულას“ დამფუძნებელს თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება. უგულავა თამარ ჩერგოლეიშვილს სტატიის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უგულავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
„ტაბულას დამფუძნებელმა ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, სამწუხაროდ, განზრახ შეცდომაში შემყვანი (misleading) სათაურით დაამახინჯა ჩემი ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუს ფრაგმენტი დიანა ტრაპაიძესთან (იმ გათვლით, რომ მკითხვრლი მასიურად ძირითადად სათაურებს ეცნობა). ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ცდილობდა საკუთარი პოსტებით (პირადი სივრცეა და მისი საქმეა) გაევრცელებინა სიყალბე და როცა თემა ვერ აწია ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტის იგნორირებით ინტერვიუს განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური დაურთო. ეს ძალიან იაფფასიანი პროვოკაციაა. ჩემთვის როგორც ტაბულას გულშემატკივარისა და აქტიური მკითხვრლისთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. ტაბულას კოლექტივი გამოირჩევა ქართულ მედიაში თავის მაღალი სტანდარტებით. ამ ფონზე ათმაგად დასანანია როცა გამოცემის მფლობელი პარტიაზე პირადი ძალაუფლების მოპოვებისთვის ასეთ უმსგავსო ხერხს მიმართავს. ცხადია მისი მცდელობა უშედეგოა. სამწუხაროდ, ტაბულას დამფუძნებელი ქალბატონი თამარი ხშირად საუბრობს პარტია ევროპული საქართველოს სახელით, ცდილობს დაარწმუნოს (საკმაოდ წარმატებით) მკითხვრლი რომ ის რამეს წყვეტს პარტიაში. მინდა გითხრათ, რომ მის გამონათქვამებს, პოსტებს და საჯარო გამოსვლებს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ საქართველოსთან, მეტიც უმეტეს შემთხვევაში პარტიისთვის ზიანის მომტანია.
პ.ს. ქვემოთ მოტანილია ციტატა, რომელიც უფრო გასაგებად წარმოაჩენს ჩემს სიტყვებს. თემის სრულად აღსაქმელად შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ინტერვიუ დიანა ტრაპაიძესთან. ფრაზა მე მიღირს საერთოდ ქალბატონი თამარის ფანტაზიის ნაყოფია. ზოგადად, ჩემი წარმოჩენა რუსოფილად ძალიან ბრიყვული და განწირული მცდელობაა. დიანასთან საუბარი იყო იმ ჰიპოტეტულ სიტუაციაზე, როცა ვერც ოცნება ქმნის მთავრობას და პროდასავლურ ოპოზიციასაც ხმები აკლია. ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ? დარჩეს ივანიშვილი ხელისუფლებაში, თუ მოლდოვეთის მსგავსად ვიმოქმედოთ?! ოცნების და მისი სატელიტების ნამსხვრევები არ ჩავრთოთ საქმეში და ქვეყანა სამთავრობო კრიზისისთვის გავწირით? სადაც ისევ ივანიშვილი და რუსები იხეირებენ? ეს პოლიტიკური დისკუსიის საკითხებია და ამაზე კიდევ ბევრს ვიმსჯელებთ. ისე, სხვათაშორის, ბებია მყავდა რუსი და სხვა დროს სიყალბის მოგონებაში შეიძლება ვინმეს გამოადგეს.
პ.პ.ს. მადლობა ტაბულას ჟურნალისტებს, რომ ჩემი გამხდარი ფოტოს დადება მაინც მოხერხდა. ალბათ შემდეგში შესაძლოა ქაჩალი, მსუქანი და ლუზერიც ვიყო. არაუშავს, რა გაეწყობა. ასეთია ცხოვრება.
სასურველი არ არის და მინდა, რომ გამოვრიცხო პრორუსული პარტიები ამ საქმეში, მაგრამ მოლდავეთში სამი თვის წინ პროევროპული მთავრობა მივიღეთ მათ შორის პრორუსული პარტიის მხარდაჭერით, იმისთვის, რომ პლახოტნიუკის ოლიგარქიული მთავრობა დამსხვრეულიყო, – წერს უგულავა.