თამარ ჩუგოშვილი “პატრიოტთა ალიანსის“ არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს

 

{{ARTICLEIMAGE}}

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა “პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებაში პარტიის არათანმიმდევრულობა დაინახა. საუბარია პოლიტიკური გაერთიანების იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა “იძულებითი ლეგიტიმაცია” მიიღო.

საპასუხოდ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია მთელი მსოფლიოს მიერ არის დადასტურებული

“ეს განცხადება არ მინახავს, მაგრამ თუ ასეთი გაკეთდა, უცნაური არათანმიმდევრულობაა “პატრიოტთა ალიანსის” პოზიციებში. მათგან სხვა რაღაცებს ვისმენდით, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე არანაირი სერიოზული კითხვები არ შეიძლება, არსებობდეს, ეს მთელი მსოფლიოს მიერ დადასტურებულია”, – თქვა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა 28 ნოემბერს, მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დაამარცხა. გრიგოლ ვაშაძე შედეგებს არ აღიარებს და თანამოაზრეებთან ერთად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. სწორედ ინაუგურაციის დღეს გეგმავს დამარცხებული მხარე საპროტესტო აქციის გამართვას.