{{ARTICLEIMAGE}}
ცესკო-ში კენჭისყრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ შედეგებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან საკუთარ უპირატესობაზე მიანიშნა და აღნიშნა, რომ მას განსხვავებული გამოცდილება აქვს.
“მინდა აღვნიშნო, რომ პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ასე ვთქვათ ბოლომდე და სრულყოფილად დავასრულე ჩემი პირველი ვადა, რომელიც დასრულდა ამ არჩევნების დასრულებისთანავე. მე ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება არც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში მივიღე არის ძალიან განსხვავებული იმ პერსპექტივიდან, რაც მე 5 წლის წინ მაგალითად მეგონა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო”, განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკო-მ ახალი თავმჯდომარე აირჩია. 8 ხმა მიიღო თამარ ჟვანიამ, 1 – ლადო ბოჟაძე. ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. ენმ-ს და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს.
ოპოზიციონერ დავით კირთაძის განცხადებით, კენჭისყრა ფარსია და ხელისუფლება აპირებს, დამსახურება დაუფასოს ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და უპრეცედენტო გაყალბებისა და დარღვევების ფონზე ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, ის მეორე ვადით დატოვოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
“როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკო-ს არათუ რეაგირება მოუხდენია, არამედ, პირიქით, აღნიშნული გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი ასევე თავმჯდომარეს და წარმოადგინა უკან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს 14:00 საათზე იქნება არჩეული, განაცხადა დავით კირთაძემ.
ლადო ბოჟაძე და მარიამ შელეგია შერჩევის ეტაპზე არათანაბარ და არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიასთან შედარებით მათი არჩევის შესაძლებლობა დაბალია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ თამარ ჟვანიასთან კონკურენცია საკმაოდ რთულია, რადგან ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
“ჩვენ ვერ ვართ თანაბარ პირობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თამარი არის მოქმედი თავმჯდომარე, აქ მხოლოდ ხმის მიცემაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ის ამ ადამიანებთან მუშაობდა წინა 5 წლის განმავლობაში და მათთან აქვს როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობები და აქედან გამომდინარე, მათთვის ჩვენთან შედარებით თამარი არის სწორედ საუკეთესო კანდიდატი”, ამბობს ბოჟაძე.
არათანაბარ პირობებზე საუბრობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგიაც. მისივე თქმით, არასწორია, როდესაც ცესკო-ს წევრებს პარლამენტი ირჩევს, ხოლო თავმჯდომარეს თავად წევრები.
“არ არის სწორი როდესაც ცესკო-ს წევრს ირჩევს პარლამენტი , ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელსაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია უნდა გააჩნდეს, ირჩევს ის 12 წევრი, რომელიც წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, ამიტომ ცოტა არათანაბარი პირობებია სხვა კანდიდატებს და მოქმედ თავმჯდომარეს შორის, რომელიც თვითონ აძლევს ხმას თავის თავს”, ამბობს შელეგია.