თამაზ ახობაძე მორიგ შიმშილობას აანონსებს

თამაზ ახობაძე, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 4 წლის წინ ანა სუბელიანთან ერთად გაათავისუფლეს, ის სამინისტროს ვადას 27 თებერვლის 14 საათამდე აძლევს და შიმშილობას აანონსებს.ახობაძე იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
თავისი მოთხოვნის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს :

„მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო რა მდგომარეობაა ჩემი და იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დავასთან დაკავშირებით.
როგორც იცით, დავა დასრულდა ჩემი გამარჯვებით. მოვიგე (ორჯერ) სასამართლოს სამივე ინსტანციაში სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე განაცდური.
მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ეს საქმე არის თაროზე შემოდებული. სსიპ-ი არც აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და არც ოფიციალურად, წერილობით უარს ამბობს აღსრულებაზე, რომ მე კიდევ სადმე განვაგრძო დავა.

არგუმენტად მოაქვთ, რომ არაერთხელ შემომთავაზეს მორიგება, რაც სიმართლეა. თუმცა, მორიგების დროს, მაშინ როცა მე ვარ გამარჯვებული, მთავაზოვბენ მხოლოდ მათთვის მისაღებ პირობას – ავიღო განაცდურის თანხა და უარი ვთქვა აღდგენაზე. მორიგებაზე წასვლა ამ შემთხვევაში, მაშინ როცა ორჯერ მაქვს მოგებული აღდგენაც და განაცდურიც, არის ჩემი კეთილინება და არა ვალდებულება. მე მაქვს მორიგებისთვის ჩემი შეთავაზებები: თუ ვერ აღმადგენენ იმ კონკრეტულ პოზიციაზე: ა) მომცენ განაცდური და აღმადგინონ სხვა პოზიციაზე; ან ბ) მომცენ განაცდური და გადამიხადონ ვერ აღდგენის კომპენსაცია; ან გ) მომცენ განაცდური და მომიხადონ ბოდიში ჩემი უფლებების დარღვევის გამო.

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვება უკანონო რომ იყო, ამას ვეღარ აპროტესტებს იუსტიციის სამინისტრო. ეს ფაქტი არის უდავო. უბრალოდ, ისინი ცდილობენ კანონში არსებული ხარვეზები გამოიყენონ იმისთვის, რომ არ აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება. ხუთ წელიწადში – ერთი რეორგანიზაციით გამათავისუფლეს (უკანონოდ), მეორე რეორგანიზაციით ჩემი პოზიციაა გააერთიანეს სხვა პოზიციასთან, რომ დავა გართულებულიყო, ახლა მესამე რეორგანიზაციით აუქმებენ ჩემს პოზიციას, რომ აღდგენის მოთხოვნა შეუძლებელი გახდეს. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს კი ჩემს პოზიციაზე პირადი განცხადების საფუძველზე დააწინაურეს ადამიანი – განცხადება დაწერა, რომ აი, კონკრეტულად ამ პოზიციაზე დამნიშნეთო და დანიშნეს.
სამწუხაროდ, ეს საქმე არ არის იმდენად აქტუალური და როგორც ჩანს არც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვიოს. არა და საქმე ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არ-აღსრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს არაფერი, ნული.

მე არ ვაპირებ, ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ასე მარტივად დავნებდე. ოთხშაბათამდე ვაძლევ ვადას იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, რათა დავინახო მათი კონკრეტული ქმედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს, 14:00 საათზე, მივდივარ იუსტიციის სამინისტროში და ვითხოვ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ სარჯველაძესთან, რომელიც არის დანაშაულის პრევენციის ცენტრის კურატორი. თუ არც რეაგირება იქნება და არც ბატონი მიხეილი არ შემხვდება, ვიწყებ შიმშილობას იუსტიციის სამინისტროს წინ. მოთხოვნა არის აპოლიტიკური და ვითხოვ ერთადერთ რამეს – აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება.

მე ვერავის მოგიწოდებთ, რაიმე ფორმით, შეურთდეთ ჩემს პროტესტს. თუმცა, თუ პრობლემას სერიოზულად აღიქვამთ, გელოდებით სამინისტროსთან.
პარლამენტის წევრებო უმრავლესობიდან, არაერთხელ მოგწერეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რეაგირება არ გქონიათ. შეგახსენებთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება თქვენს წინაშეა ანგარიშვალდებული. სასამართლო გადაწყვეტილების არ-აღსრულება საზიანოა ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის. მოგიწოდებთ, მოსთხოვოთ იუსტიციის მინისტრს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.”