“თანასწორობის მოძრაობა” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” სეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება.
“ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გაიყიდა ყველა ბილეთი. ამ ფონზე ჰომოფობიური ჯგუფები ემზადებიან მანიფესტაციის გამართვისთვის, აპირებენ კინოთეატრების გადაკეტვას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ თავს დაესხმებიან ფილმზე დასასწრებად მისულ ადამიანებს. მათ, საპატრიარქოსთან აფილირებულ ჯგუფებს, ზურგს უმაგრებს ეკლესიის პრესმდივნის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რომ ისინი პროტესტით ხვდებიან ფილმის პრემიერას. ვთვლით, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, მიუხედავად მათი სურვილისა “მაჰათმა განდის მშვიდობიანი მეთოდებით” პროტესტს მიმართონ, შორს დგანან მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმებისგან. ისინი ხშირად პოლიციასთან კონფრონტაციასაც კი არ ერიდებიან. რაც არაერთხელ დადასტურებულა”, – ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა 8 ნოემბერს გაიმართება. ფილმი არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, “რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ფესტივალზე დადებითად შეფასდა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.