თანხის განაღდება ბანკომატების გარდა, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც იქნება შესაძლებელი

საბანკო ბარათიდან თანხის განაღდება ბანკომატებთან ერთად სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ხელი გუშინ მოაწერა.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა, რასაც თანხის განაღდების ადგილების რაოდენობის ზრდა უზრუნველყოფს.

ამასთან, ობიექტს ამ მომსახურების გასაწევად ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაცია არ დასჭირდება.

,,აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტს უფლება აქვს მომხმარებელს ბარათით გადახდასთან ერთად ასევე შესთავაზოს ნაღდი თანხის გატანაც. ამ მომსახურებისთვის მას არ დასჭირდება ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაცია.

კომერციული ბანკებისა და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ ამ პროდუქტის დანერგვით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, გაიზრდება თანხის განაღდების ადგილების/წერტილების რაოდენობა, რაც მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულ გარემოს ქმნის. მომხმარებელს არ დასჭირდება ბანკომატის ძებნა შედარებით დიდი ოდენობის თანხის გამოსატანად, რადგან ყოველ ნაბიჯზე შესაძლებელი იქნება მიმდინარე საჭიროების შესაბამისი ოდენობის თანხის გამოტანა,”- აცხადებენ ეროვნულ ბანკში bm.ge-სთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა, ახლა კი ობიექტებზეა დამოკიდებული, როდის შესთავაზებენ ამ სერვისს მომხმარებლებს.