{{ARTICLEIMAGE}}
თარჯიმნები “თბილისის ბიზნეს სახლს” თაღლითობასა და შრომითი ხელშეკრულებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბიზნეს-სახლი ტენდერებს იგებს, თარჯიმნებს ანაზღაურებას მაინც არ უხდის – ისინი ათასობით ლარის დავალიანებაზე საუბრობენ. ასევე აცხადებენ, რომ დამქირავებელმა მათ ნაწილს დავალიანების ორ წელზე გადანაწილება შესთავაზა, თუმცა შეთავაზებაზე უარი თქვეს და კომპანიისგან შრომის დროულ ანაზღაურებას ითხოვენ.
“თბილისის ბიზნეს სახლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ თარჯიმანთა უფლებადამაცველები. დამოუკიდებელი პროფკავშირების “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენელის თქმით, მათ უკვე მიმართეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ვინაიდან ნინო ჩარკვიანის თქმით, კომპანია თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.
კომპანიის დირექტორი არ უარყოფს, იმ ფაქტს, რომ ხელფასების დარიგებისას ზოგიერთ თანამშრომელტან მიმართებაში ხარვეზები არსებობდა, თუმცა ამას ტექნიკურ ხარვეზს უწოდებს. ასევე ამბობს, რომ თარჯიმნებს არ აქვთ ფიქსირებული ხელფასი და ანაზღაურებას საათობრივად იღებენ. გიორგი გაგნიძის თქმით, პრობლემური 20-მდე თანამშორმელი ჰყავს და ყველა მათგანს 25 დეკემბრამდე შრომა სრულად აუნაზღაურდება.
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის ბიზნეს სახლის მხრიდან შრომის ანაზრაურება არ მოხდება, თარჯიმნები დავის გაგრძელებას სამართლებრივი გზებით აპირებენ.