მშენებლობაზე დაშავებული მუშები სამშენებლო პროცესის დროს სიმაღლიდან გადმოვარდნას საკუთარ დაუდევრობას უკავშირებენ. მათი განცხადებით უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს.
მუშების თქმით, ისინი დამცავ საშუალებებს მუდმივად იყენებენ და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა დამცავ საშუალებებზე უარი თქვეს, რასაც მათი დაშავება მოჰყვა.
„ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას. სამუშაო საათების დროს მოხდა ეს შემთხვევა“, – განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა
„ჩვენი მდგომარეობა უკეთ არის. მესამე ცოტა მძიმედ იყო და როგორც ვიცით, დღეს გადაიყვანეს პალატაში. ჩვენი ვარდნა მოხდა 8-9 მეტრის სიმაღლიდან. სიმაღლე არ იყო ისეთი, რომ დამცავი გაგვეკეთებინა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დამცავის გარეშე ვმუშაობდით“, – განაცხადა ნოდარ ჩახალიანმა.
კომპანია „ენერჯი პლიუსის“ დირექტორი და დამფუძნებელი, დავით ყულიჯანაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას შესაბამისი დამცავი აღჭურვილობა აქვს, რომელიც ამ შემთხვევაში მუშებმა არ გამოიყენეს.
„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე სამი მუშა ორი დღის წინ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მსუბუქი იყო, დაშავებულს დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, ხოლო მესამე მუშამ მოტეხილობა მიიღო.