“თავად გასცა პასუხი იმ კითხვებს რატომ წავედით ამ პარტიიდან”-ბესელია ივანიშვილზე

“მან თავად გასცა პასუხი კითხვას, რატომ წავედით პარტიიდან” -საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია  ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს.

ბესელიას თქმით,  ბიძინა ივანიშვილი გულწრფელი არ ყოფილა როდესაც გუნდიდან ყოფილი თანამებრძოლების წასვლაზე საუბრობდა.

“ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ჩვენი წასვლის მიზეზებს არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია არ მახსოვს ასეთი. ეს იმით იყო განპირობებული, რომ არ იყო გულწრფელი როდესაც ამაზე საუბრობდა.

არ შეიძლება არ ახსოვდეს ის პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მის პოლიტიკაში მოსვლამდე გვქონდა ჩვენ, თუ ადევნებდა თვალს, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მოსამართლეების ქმედების გამო, რომლებიც სწორედაც რომ ძალადობის მსახურნი იყვნენ და არა მსხვერპლნი როგორც თავად უწოდებს მათ. ყოველ შემთხვევაში ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ, 20 წელია მე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი. ჩემი პოლიტიკური და სხვების პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა გუშინ სამწუხაროდ.

თავად გასცა პასუხი იმ კითხვებს რატომ წავედით ამ პარტიიდან და რატომ დავტოვე, პარტია რომელიც მასთან ერთად დავაფუძნე თავად უპასუხა ამ კითხვას. სწორედ იმ მთავარი განსხვავების გამო, რომელის დემონსტრირებაც მოახდინა მან ამ ინტერვიუთი. მან თქვა რომ ის იცავს და მიაჩნია, რომ მსხვერპლი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არსებობს საზოგადოების მაღალი უნდობლობა. ზარდიაშვილები თურმე მსხვერპლი არიან იმიტომ რომ მათ მოინანიეს და თქვეს, რომ ადეიშვილ-მერაბიშვილი თურმე არ არიან უსამართლოდ გასამართლებული და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის დამდგარიყო ამ ადამიანების დამცველად”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საღამოს ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ყოფილ თანამებრძოლებზეც ისაუბრა და  განაცხადა, რომ  ფასეულობები პარტიიდან წასულ დეპუტატებს აერიათ და არა ქართულ ოცნებას. 

“რატომ წავიდნენ გუნდიდან, ვერ დაამტკიცეს. გუნდში მათ მე მივეცი საუბრის საშუალება, სამს ჰქონდა პოზიცია, რომელსაც ვერ ასაბუთებდნენ, დანარჩენები დაწყნარდნენ, რადგან ნახეს, რომ მათი ზედმეტი აქტიურობა არაფერზე იყო დაფუძნებული. მათი მიზეზი საბაბადაც ვერ გამოდგებოდა, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებით ყველა პოზიცია შეჯერებული იყო. ისინი დაიყვნენ, მოახერხეს და აურიეს ფასეულობები. ვნახოთ როგორი სასამართლოა ის, რასაც განიცდიან და რატომღაც მეექვსე წელიწადს”, — განაცხადა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში.