თავდასხმა “კურიერის” გადამღებ ჯგუფზე – წყალტუბოში ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

წყალტუბოში “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “კურიერის” ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჟურნალისტი და ოპერატორი  ამ დროისთვის ქუთაისის “ევექსის” კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. ექიმების თქმით, მიმდინარეობს მდგომარეობის შეფასება.

რუსთავი 2 შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა  პოლიციაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი პრიმა, “ბ” ქვეპუნქტი და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.