“თავი გააკონტროლე”- ოხანაშვილი-ბესელიას დაპირისპირება (ვიდეო)

“თავი გააკონტროლე”- ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა   ეკა ბესელიას მიმართა.

“თავი შენ თვითონ გააკონტროლე და დაანებე ჩემთან აღმზრდელობით საუბარს თავი”-უპასუხა ბესელიამ.

დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოხანაშვილმა  ბესელიას შეახსენა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დროის ნახევარი ამოწურა.

“რატომ ნერვიულობთ? ვიცი, რომ თქვენი დროა და შეგახსენეთ, რომ ნახევარი საათი უკვე გავიდა. თუ ერთ საათს მხოლოდ თქვენ იყენებთ, მაშინ მითხარით,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

“ჩემი დროა და მიკროფონს ნუ მითიშავ ანრი. მე არ ვნერვიულობ, ვსაუბრობ ცოტა გაბრაზებული. რამდენს გამოვიყენებ, ჩვენ გადავწყვეტთ. ახლა რა დროც დამაკლდა, ისიც დამემატება და ნუ მეჩრებით საუბარში,”- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

ოხანაშვილმა ბესელიას ეთიკური საუბრისა და თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა.

“წესიერად ვსაუბრობ. თავი შენ გააკონტროლე და თავი დაანებე ჩემთან აღმზრდელობით ლაპარაკს. ქალბატონი თამარის ნაცვლად თქვენ ნუ ნერვიულობთ. მე თავს იმაზე მეტად ვაკონტროლებ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მარტო ფიზიკურ ადგილს არ ვგულისხმობ,”- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

ამის შემდეგ, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ბესელიასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს, რითიც კამათი დეპუტატებს შორის ამოიწურა.

{{VIDEO}}