თავისუფლების მარში დღეს 19:00–ზე ბათუმშიც გაიმართება

“თავისუფლების მარში“ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დღეს თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართება. შეკრება ევროპის მოედანზე 19 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორები მიმართვას ფეისბუქზე ავრცელებენ:
“29 ივნისს, შაბათს, 7 საათზე შემოგვიერთდი ბათუმის ევროპის მოედანზე !
პროტესტის მეცხრე დღესაც ხელისუფლება არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას!
მამუკა ბახტაძემ და გიორგი გახარიამ არაერთხელ ახსენეს, რომ “გავრილოვის ღამეს” გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური და რომ ტყვიები, რომლითაც ხელებაწეულ დემონსტრანტებს ესროდნენ, იყო მისაღები.
შს მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიების დამთავრებამდე არსად წასვლას არ აპირებს. ანუ, საქმეს იძიებს გახარიას უწყება, მისივე ხელმძღვანელობით და არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ!
გახარია არის მხარე, ბრძანების გამცემი და მისივე თქმით, ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამიტომ, არ შეიძლება, მხარე იძიებდეს რამეს სამართლიანად. შს მინისტრი უნდა გადადგეს!
ხვალ, 29 ივნისს,19:00 საათიდან, ვიკრიბებით ბათუმის ევროპის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გავემართებით იუნკერთა მემორიალისკენ.
შემოგვიერთდით და კიდევ ერთხელ, მოვითხოვოთ გიორგი გახარიას გადადგომა!“