29 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, 29 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართება. მისი თქმით, საქართველოსა და მსოფლიოში თავისუფლების სიგნალის ხმა გაისმება.

“მეგობრებო! შობისა და ახალი წლის დღეებს სხვანაირი მაგია აქვთ, მოდუნების და ძველი ტკივილების წაყრუებისმაგვარი მაგია. ამიტომაც, ეს საქმე მომავლისკენ მიბრუნებულ მზერასაც გულისხმობს. თუმცა ზოგჯერ არის ძველი წლის მწარე წილი, რომლის გახსენების გარეშე მომავალი ვერ იარსებებს — უბრალოდ მომავალი, თორემ ბედნიერი და თავისუფალი — მით უფრო. ახლა ეს წილი ვაჟა გაფრინდაშვილია.და ჩვენ გადავწყვიტეთ, სიფხიზლისთვის, 29 დეკემბერს საქართველოში და მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმას! ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი — თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო!

გაიგონებენ პაციენტები და ექიმები, ექიმები და პაციენტები მთელი მსოფლიოდან და მათ შორის ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო. გავიგონებთ და გავიხსენებთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მნიშვნელოვანი რამ, იმაზე უფრო ზუსტი ნიშანი ადამიანად ყოფნის, ვიდრე თავისუფლებაა! და რომ თითოეული ადამიანის თავისუფლება არის ჩვენი, მილიონობით ადამიანის თავისუფლების საყრდენი და ეს სიგნალი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უკანანოდ შეეზღუდა! და ეს სიგნალი იქნება იმედის სიგნალიც, რომ სასწაულები ხდება, და რომ სასწაულებს ხანდახან ადამიანებიც ახდენენ, ოღონდ ამისთვის ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება! ცხადია, სიგნალი სიმბოლურია და პარალელურად უამრავ ნაბიჯს ვდგამთ, მაგრამ ხანდახან ნაბიჯებს ზურგის ქარიც სჭირდება, ქარი, რომელიც ყველა თქვენგანის მხარდაჭერას ნიშნავს!

29 დეკემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში და სოფელში, 19.00 საათზე, შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, ვისაც ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი თავი გაღელვებთ 2020, 21 და მომდევნო წლებში.”, – წერს კეკელიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

გიორგი კეკელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისთვის შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ ექიმი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალებმა დაკავეს. მას 20 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.