თბილისამდე სულ 200 კილომეტრია – კადიროვის მუქარა

“მინდა შეგახსენოთ, გროზნოდან თბილისი მხოლოდ 200 კილომეტრშია”- ამ განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი მიმართავს. კადიროვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარდა და რომელიც საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა.

აქციები სლოგანით – “რუსეთი ოკუპანტია” თბილისში უკვე მესამე დღეა იმართება. კადიროვი კი რუსეთ-საქართველოს მეგობრობაზე წერს და იქვე ახსენებს თბილისს, რომ გროზნოდან, მხოლოდ 200 კილომეტრი აშორებს, რუსეთში კი მილიონამდე ქართველი ცხოვრობს.

ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ მსოფლიომ ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება რუსეთის წყალობით გაიცნო. მისივე განცხადებით, ქართველებს ბევრი მიზეზი აქვთ რუსეთთან მეგობრობისთვის და არც ერთი სიძულვილისთვის.

კადიროვი ამბობს, რომ 20 ივნისს, მაშინ როდესაც რუსი დეპუტატები საქართველოში იმყოფებოდნენ, ვითარება იმ პოლიტიკოსებმა დაძაბეს, ვისაც დიდი ხანია სურს სიტუაციის გამწვავება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეა, რომ არ უზრუნველყო რუსი დეპუტატების, რადიკალებისგან უსაფრთხოება.