თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან აქციას მართავდნენ, რა დროსაც კონტრაქციაზე ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები მივიდნენ.
კანცელარიასთან იმყოფებოდა ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ასევე სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები.
თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც შსს-ში განაცხადეს თაბაგარი უსაფრთხოების მიზნით განარიდეს ტერიტორიას.
თაბაგარი ცოტა ხნის წინ ისევ შემოუერთდა კანცელარიასთან დანარჩენ ორგანიზატორებს, მან განაცხადა რომ აქცია, სავარაუდოდ დღეს დაიშლება და მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ გადაწყვეტილებას ორგანიზატორები შეთანხმებულად მიიღებენ.
აქცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.
მანამდე კი 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს.