ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს დილით, ქალი ჩამოფრინდა, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და ტემპერატურა 38.1. დაუფიქსირდა.
მისივე თქმით, ქალი ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
„დღეს, დილით, აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი ჟენევა-სტამბოლის რეისით, რომელიც წამოსული იყო ჩინეთიდან. თერმოსკრინინგი ჩატარდა, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ეს ქალბატონი მაშინვე გაიყვანეს საიზოლაციო სივრცეში, სადაც მოხდა განმეორებით თერმომეტრიზაცია, ტემპერატურა აღენიშნა 37,5, მეტი არა“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, დუჯანიანის პროვინციაში, ქალაქ ჩენდუსთან 40- მ-ში მასწავლებლად მუშაობდა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან ქალაქ უხანიდან 1000 კილომეტრითაა დაშორებული. ეზუგბაიას განცხადებით, 25 წლის ქალმა აღნიშნული ტერიტორია 20 იანვარს დატოვა.
„როდესაც მან პროვინცია დატოვა, მაშინ ამ პროვინციაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებული არცერთი შემთხვევა არ იყო. როცა ტერიტორია დატოვა, 2 კვირის განმავლობაში შვეიცარიაში იმყოფებოდა, ამ პერიოდში გამოვლინდა იმ პროვინციაში შემთხვევების მცირე რაოდენობა. დღეს დილით უკვე ჩამოფრინდა ჟენევიდან სტამბოლის გავლით ჩვენთან. ჟენევა-სტამბოლში არ ვიცი თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, თუ არა, მაგრამ იქ ტემპერატურა არ დაფიქსირებულა. ჩვენს აეროპორტში თერმოსკრინინგის შედეგად დაფიქსირდა ტემპერატურა. შემდგომში, ღრმა ჩაკითხვით გამოვლინდა ეს ეპიდსიტუაცია და პაციენტი ჩვენს ცენტრში მოიყვანეს, მოათავსეს საიზოლაციო, ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც ცალკე შესასვლელი და ცალკე გამოსასვლელია, პაციენტი აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფება ყველა სხვა პირისგან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.