თბილისის მერი: პირდაპირ მე მაკავშირებენ აფეთქებასთან

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვიდრე არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები, პოლიტიკური მოტივით სრულიად უაპელაციო და არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ კანონმდებლობას ჩახედონ”. 

თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვისგან მომხდარი აფეთქების ფაქტზე განმარტებები გააკეთა და იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც მისი თქმით, ორი დღეა, ისმის. კალაძის თქმით, “რუსთავი2” მა მომხდატი ტრაგედია ექსპლუატაციაში კორპუსის შესვლას დაუკავშირა, კორუფციულ სქემაზე ისაუბრეს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კალაძის თქმით, ამის საშუალებას მათ თბილისის მერია არ მისცემს. 

“ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა; ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და სამშენებლო ნებართვა გასცა; ადამიანები, ვინც სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ის წინ მოედანი გაასხვისა და მისცა მშენებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შესაბამისად, ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრების პროცესში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი”, აცხადებს კახა კალაძე.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
აფეთქებისას გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი და ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.