თბილისის მერიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. გადაწყვეტილების მიხედვით, მერიას დაევალა თბილისის ზღვის იმ მონაკვეთში ბანერების და ბარიერების განთავსება, სადაც რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო.
,,ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის “სიკვდილის ზონა” თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და აკრძალულია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეები არც ინფორმირებული არიან და არც გადაულახავი ბარიერი ეღობებათ”,- აცხადებს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”.
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის დეკემბერში ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ს წინააღდეგ მიმართეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიას ჩანჩქერთან გამაფრთხილებელი ბანერის დადგმა და 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის აშენება დაევალა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.
,,თბილისის მერია არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას და მიაჩნია, რომ არ არის ქალაქში მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი”, – ნათქვამია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესი 2020 წლის 30 იანვარს გაიმართება.