თბილისის მერიის სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს ტექრეისერსის ფაქტობრივი მფლობელი. ორივე მათგანს  ბრალად ედება სხვისი ქონების მითვისებისა და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება.  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კიდევ სამი პირი.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 34550 ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერსისგან“ შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი, ე.წ. „ლეპტოპი“, გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს “ტექრეისერსის“ დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით.

ასევე, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“, სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თავისი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით)“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.