თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საფრთხეშია – ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული “მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისათვის”.

გთავაზობთ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

„თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელიც ფონდმა ქართუმ განახორციელა, 2015 წელს დასრულდა. რესტავრაციის შემდგომ შენობა იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსთაველის გამზირი გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურად არასტაბილურ ზონად ითვლება, მდებარეობს მთაწმინდის ფერდზე და მის ქვეშ გადის გრუნტის წყლები, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

2017 წელს, გეოლოგიური გამოკვლევებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისათვის. ამიტომ, გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო. შესაბამისად მომზადდა შენობის კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი, რის საფუძველზეც დღეისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება.“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 2015 წელს დასრულდა. სამუშაოები ფინდმა ქართუმ დააფინანსა.