უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოები დღეს ღამის 12 საათიდან დაიწყო.
სამუშაოებში ჩართული იქნება 60 ერთეული ტექნიკა, რომელიც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, დაათვალიერა.
სადეზინფექციო სამუშაოები ქუჩებზე განხორციელდება გაჩერებებსა და მეტროს შესასვლელებთან. ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამის შემდეგ ინდივიდუალურად დაიწყება ა მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. თბილისის მერი ამბობს,რომ სადეზინფექციო პრეპარატი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და არავინ შეშინდეს.
სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში დედაქალაქსა და რეგიონებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები ჩაერთვებიან.
სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.