თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს. ამის შესახებ ინფორმაცია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
გადაწყვეტილება სააგენტოსა და მერიას შორის ერთკვირიანი მსჯელობის შედეგად იქნა მიღებული.
“ამ პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება სულ რამდენიმე კომპანიას აღმოაჩნდა.
მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია “მზიური”, რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4500 სავაჭრო ობიექტის მომარაგებას ახდენს). კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე”- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მას შემდეგ რაც კომპანია “ნილს” მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა,მერიაში განაცხადეს, რომ ტენდერის გამოცხადება დროში გაჭიანურდებოდა, ამიტომ ბაღებს კვებაზე თავად უნდა ეზრუნათ.
“ნილთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად პროდუქტების დაგვიანებით მიწოდება დასახელდა.