თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი გადადო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 16 მარტამდე გადადო. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

,,ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად 16 მარტს დაიწყება.

ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში ხვალიდან სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება”,- წერია თსუ-ის განცხადებაში.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გადაიდო სკოლებსა და ბაღებშიც. საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.