თბილისის საკრებულოს წევრმა გამგებელს პოლიცია გამოუძახა

თბილისის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილმა ვაკის რაიონის გამგეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, მან, როგორც საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრმა გამგებლის, ნოდარ ტურძელაძისგან მოითხოვა დოკუმენტები სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხების შესახებ და უარი მიიღო. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ გამგეობაში არ გაანადგურონ დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა, გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დოკუმენტები მას შემდეგ მოითხოვა, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი თანხის “ქართული ოცნების” კოორდინატორებისთვის გადარიცხვის შესახებ.