დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტრადიციულად სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისთვის.
მერის ინფორმაციით, თბილისში 110 ახალი 12 მეტრიანი ავტობუსი უნდა შემოვიდეს, რომელიც ბუნებრივ აირზე იმუშავებს. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. კალაძე ამბობს, რომ ახალი ავტობუსები თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო სისტემით იქნება აღჭურვილი.
,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე, ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნეს ჩანაცვლებული ახალი, განახლებული, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით. პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენ შევიძინეთ 90 ერთეული ,,მანის” ტიპის ავტობუსი, აქედან 40 ერთეული უკვე მოწოდებულია, ველოდებით დარჩენილ 50-ს.სიახლეა ის, რომ ჩვენ კიდევ ვაცხადებთ შეყიდვაზე ახალ ტენდერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, 110 ერთეული გაზზე მომუშავე 12 მეტრიანი ავტობუსების შემოსვლაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა , რაც შეიძლება მალე, ბოგდანის ტიპის ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს’’- განაცხადა კახა კალაძემ.