თბილისში 3 მიმართულებით საბაგიროების აშენება იგეგმება

თბილისში დამატებით ახალი საბაგიროების აშენება იგეგმება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის  სხდომაზე განაცხადა. კალაძის  განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე შერჩეულია სამი ადგილი, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.

“მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება: ეს არის სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა. შესაბამისად, გვჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება. დაახლოებით, 750 ათასი ლარი დაიხარჯება და 5 თვე დასჭირდება ამ კვლევის ჩატარებას. სრული სურათი გვექნება, პრიორიტეტების მიხედვით თუ რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ამ ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის. შესაბამისად, 5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. სამივე მიმართულებაზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ისეთი შესაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსებია“, – განაცხადა კალაძემ.